aktualności
პირველი ლოცვა ახალ ადგილზე
2011-05-23
2011 წლის 21-22 მაისს წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის ეკლესიის ისტორიაში გადაიდგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. 21 მაისს, შაბათს, ჩატარდა პირველი ლოცვა ახალ ადგილზე.

წყლის მცირე კურთხევას ესწრებოდნენ მამა ანატოლი შიდლოვსკი (წმ. მარიას სახელობის ვარშავის მართლმადიდებლური საკათედრო ეკლესიის დეკანოზი), მამა ჰენრიკ პაპროცკი, მამა არტურ ალეკსეიუკი, ტაძრის მრევლი და სტუმრები.

კურთხევის ცერემონიის შემდეგ მამა ჰენრიკმა წაიკითხა მიტროპოლიტ საბას ეპისტოლე. მისი კურთხევით ჩვენი ეკლესიის ახალი ადგილი იქნება ხატწერის მუზეუმის ტერიტორიაზე (ხატწერის მუზეუმი წარმოადგენს ვარშავის მართლმადიდებლური მეტროპოლიის მუზეუმის ნაწილს). შემდეგ ჩატარდა საღამოს ლოცვა, რომლის შემდეგ ვიხსენებდით ჩვენი ტაძრის უკვე 6-წლიან ისტორიას და წარმატებებს.

22 მაისს, კვირას, ჩატარდა პირველი წირვა. წირვის შემდეგ მამა ჰენრიკმა აღნიშნა ამ ისტორიული მომენტის მნიშვნელობა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა ახალ ადგილზე გადმოსვლასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებში, რემონტსა და დალაგებაში. ტრადიციულად ყველა დაპატიჟებულ იქნა ჩაისა და ნამცხვარზე.