მფარველი წმინდანი
70-ზე მეტი სამეცნიერო კვლევის ავტორი, პარიზის წმინდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესიის დამაარსებელი, ბონის, ბერლინის, სორბონის, ოქსფორდის, დუბლინის, კრაკოვისა და ვარშავის უნივერსიტეტების ლექტორი – გრიგოლ ფერაძე ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში აღესრულა. ნახევარი საუკუნის შემდეგ კი, 1995 წლის 19 სექტემბერს საქართველოს ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა. მისი კანონიზაცია პოლონურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამაც ცნო და მამა გრიგოლი ორი ეკლესიის წმინდანი გახდა.

გრიგოლ ფერაძე 1899 წლის 13 სექტემბერს სოფელ ბაკურციხეში დაიბადა, მღვდელ რომანოზ ფერაძისა და მარიამ სამადალიშვილის ოჯახში. სასულიერო სასწავლებლისა და სასულიერო სემინარიის დასრულების შემდეგ სწავლა ახალდაარსებულ თბილისის უნივერსიტეტში, სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე, გააგრძელა. უნივერსიტეტის სტუდენტობის დროს გრიგოლ ფერაძე მუშაობდა მასწავლებლად სოფლის სკოლაში.

1921 წელს გელათში გამართულ საეკლესიო კრებაზე საქართველოს პატრიარქატის საბჭომ გრიგოლ ფერაძის ბერლინის უნივერსიტეტში გაგზავნა გადაწყვიტა. 1922-1925 წლებში გრიგოლ ფერაძე ბერლინის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი იყო. შემდეგ სწავლა ბონის უნივერსიტეტში გააგრძელა და 1926 წელს ამავე უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “ქართული ბერმონაზვნობის ისტორია მისი დასაწყისიდან 1064 წლამდე”.

გრიგოლმა გერმანიის უნივერსიტეტში აღმოსავლური ენების შესწავლა დაიწყო. მან ათზე მეტი ენა შეისწავლა – ძველებრაული, სირიული, არაბული, კოპტური, სომხური, ბერძნული, გერმანული, ფრანგული, ინგლისური, ლათინური, რუსული, ძველსლავური, ძველსომხური, მოგვიანებით კი პოლონურიც. 1927-1932 წლებში ბონის უნივერსიტეტში ასწავლიდა ქართულ და სომხურ ენებს.

იგი სამშობლოში დაბრუნებისა და თბილისის უნივერსიტეტში სამეცნიერო მოღვაწეობაზე ოცნებობდა, მაგრამ მის სურვილს ასრულება არ ეწერა.

1929 წელს გრიგოლ ფერაძემ პარიზში ნინოს სახელობის ეკლესია დააფუძნა, რომელიც დღემდე მოქმედებს. 1931 წლის აპრილში კი ლონდონის წმინდა სოფიას ბერძნულ ტაძარში ბერად აღიკვეცა.

1933 წელს ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტმა დიონისემ იგი ვარშავაში მიიწვია და პატროლოგიის (მეცნიერება რომელიც შეისწავლის წმინდა მამათა ცხოვრებას) პროფესორის მოადგილის თანამდებობა შესთავაზა. პირველი ლექცია მან 7 დეკემბერს წაიკითხა პოლონურ ენაზე, რომელიც უმოკლეს დროში შეისწავლა.

მამა გრიგოლი პოლონეთში მოკრძალებულ ბინაში, ბრუკოვის ქუჩის (ახლ.: ოკშეის) 22 ნომერში დასახლდა. სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად წმინდა მარიამ მაგდალინელის ტაძარში ეწეოდა ღვთისმსახურებას. დღესასწაულებზე წირვა–ლოცვას ქართულ ენაზე წარმართავდა, რის გამოც არაერთი საყვედური მიუღია. ხოლო სააღდგომო, საზაფხულო და საშობაო არდადეგებს პარიზში, თავის მრევლთან ატარებდა.

1934 წელს ლონდონის წმ. სოფიას საკათედრო ტაძარში გრიგოლ ფერაძე არქიმადრიტად აკურთხეს. ამ პერიოდიდან იწყება მისი მოგზაურობები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმოფანთული ქართული სიძველეების მოსაძიებლად: ათონის მთა, რუმინეთი, ბულგარეთი (1935), იერუსალიმი, სირია (1936), იტალია, ავსტრია (1937).

1940 წლიდან გრიგოლ ფერაძე უკვე მუდმივად ვარშავაში ცხოვრობდა – მან გადაწყვიტა, არ დაეტოვებინა პოლონეთი და ბოლომდე გაეზიარებინა საყვარელი ერის ჭირ-ვარამი.

მისი თანამედროვეები იხსენებენ: II მსოფლიო ომის დროს, ვარშავის დაბომბვისას მამა გრიგოლი თავშესაფარში არ იმალებოდა, მიცვალებულებს აპატიოსნებდა და დაჭრილებს პირველად დახმარებას უწევდა. დიდ მფარველობას იჩენდა პოლონეთში მცხოვრები ებრაელების მიმართ და ამას დაუფარავად აკეთებდაო. სწორედ ამის შემდეგ მისით გესტაპო დაინტერესდა. იგი ორჯერ დააპატიმრეს. ერთ-ერთი ჩხრეკისას დაიკარგა მის მიერ წლების მანძილზე შეგროვილი უმდიდრესი ბიბლიოთეკა, ძვირფასი ქართული ხელნაწერები, გამოუქვეყნებელი შრომები და პირადი დღიურები.

დაპატიმრებული მამა გრიგოლი ჯერ პავიაკის ციხეში გადაიყვანეს, შემდეგ კი – ოსვენციმის (აუშვიც-ბირკენაუ) საკონცენტრაციო ბანაკში.

ოფიციალური ცნობებით, არქიმადრიტი გრიგოლ ფერაძე ოსვენციმში 1942 წლის 6 დეკემბერს, 16 საათსა და 45 წუთზე აღესრულა. მისი გარდაცვალების ზუსტი გარემოება დღემდე უცნობია. გადმოცემით, იგი ნებაყოფლობით ჩაენაცვლა ერთ ებრაელს, რომელსაც მრავალშვილიანი ოჯახი ჰყავდა.

წმინდა მღვდელმოწამე არქიმადრიტ გრიგოლ ფერაძის ხსენების დღედ 6 დეკემბერი დადგინდა.